UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მდინარე მტკვრის აუზში დაბინძურების შემცირების გეგმებზე თბილისში შეხვედრა გამართა

28 სექ 2020

თბილისი - 2020 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს გარემოსა და სოფლის მერნეობის სამინისტროსთან ერთად, ვირტუალური შეხვედრა მოეწყო პლატფორმა „ზუმის“ დახმარებით, რომელიც მდინარე მტკვრის აუზში წყლის დაბინძურების შემცირების გეგმას შეეხებოდა.

შეხვედრას უძღვებოდა დოქტორი მერი მ. მეთიუსი, UNDP/GEF მტკვარი II პროექტის უფროსი ტექნიკური მრჩეველი. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ანა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის მოადგილემ და მარიამ მაკაროვამ, პროექტის ეროვნულმა წარმომადგენელმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის, მსოფლიო ბანკის, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის [UNIDO] და აზიის განვითარების ბანკის ოფისების თბილისის წარმომადგენლები. ამ შეხვედრამდე, UNDP/GEF მტკვარი II პროექტის გუნდმა მდინარე მტკვრის აუზში მთავარი დამაბინძურებელი ბიზნეს-სექტორები მოიძია, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მეფრინველეობა და სასაკლაოები მდინარის აუზზე როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლების მთავარი დამაბინძურებლები არიან.

წყლის დაცვა კი ასეთი სახის დაბინძურებებისგან წყლის ეფექტური მართვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, განსაკუთრებით გვალვების დროს. მთავარმა მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მდინარე მტკვრის აუზზე 29 სასაკლაო შემოწმდა. მართალია, ყველა მათგანი მცირე ზომის იყო, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდათ ახლომდებარე ტერიტორიის
როგორც ზედაპირულ, ასევე მიწისქვეშა წყლებზე. ყველა მათგანის ბიოლოგიური ნარჩენები, მათ შორის სისხლი, გაუფილტრავად ჩაედინებოდა წყლის გამანაწილებელ ქსელში და საბოლოოდ, მდინარე მტკვარში ხვდებოდა.

კომპანიებს არ ჰქონდათ თხევადი ნარჩენების გასაფილტრი ინფრასტრუქტურა, არც სისხლისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების გამოცალკევების პრაქტიკა არსებობდა. როგორც სასაკლაოების, ასევე სარძევე მეურნეობების კომპანიების საქმიანობა ეროვნულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. სახეზე იყო ეროვნული რეგულაციების დარღვევის არაერთი მაგალითი, თუმცა, სახელმწიფო მარეგულირებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წყლის ჩარჩო-კანონპროექტი

და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენა უკვე დასრულდა პარლამენტში, დაეხმარება სახელმწიფოს, რომ ეს სექტორები მომავალში უფრო ეფექტურად დაარეგულიროს.

საერთაშორისო ექსპერტებმა კომპანიების წარმომადგენლებს ურჩიეს უფასო ან იაფი ინვესტიციები, რომლებიც შესრულებადი და რეალისტურია და რომელთა შესრულებაც გააუმჯობესებდა როგორც ხარისხს, ასევე შეამცირებდა ჯანმრთელობის დ გარემოს დაბინძურების რისკებს. ვორქშოფის მთავარი მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ღირს, რადგან ზოგი მათგანი იაფი ან სრულიად უფასოა, კომპანიისა და მარეგულირებლის - სახელმწიფოს კეთილი ნების შემთხვევაში. ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებით, კარგი იქნებოდა ISO 14000 სტანდარტის, როგორც მაგალითის აღებაც, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ბიზნესის მავნე გავლენა გარემოზე.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა კითხვები დასვეს და აღნიშნეს, რომ ეს გუნდი მუდმივ კოორდინაციაში იქნება ერთმანეთთან, რათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთმანეთისგან რჩევები მიიღონ და სიტუაციის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.