საქართველო და აზერბაიჯანი საერთო მდინარე მტკვარზე ერთად იზრუნებენ

6-7 აპრილს, ბაქოში, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ UNDP - GEF მტკვარი II პირველ, გამხსნელ ვორქშოფს უმასპინძლა.
UNDP - GEF მტკვარი II ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს გარემოსდაცვითმა ინიციატივამ ერთობლივად დააფინანსეს 5.3 მილიონი აშშ დოლარით. ამ ბიუჯეტს, თანადაფინანსების სახით, დაემატა პროექტში ჩართული ქვეყნების: აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებიდან გამოყოფილი 190 მილიონი აშშ დოლარი. ვლადიმერ მამაევმა, UNDP/GEF-ის რეგიონულმა ლიდერმა და ტექნიკურმა მრჩეველმა, აღნიშნა, რომ ეს მეორე ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი წყლის მართვის სფეროში მთავრობების თანადაფინანსებით ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელებულა.
პროექტის გამხსნელ ვორქშოფში ფირდოვსი ალიევმა, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, აღნიშნა, რომ მეზობელ საქართველოსთან ასეთი ტრანსასაზღვრო პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მან წარმატება უსურვა ჯგუფს პროექტის განხორციელების საქმეში და აღნიშნა, რომ “ორივე ქვეყანა ამ პროექტისგან უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, რის გამოც პროექტის შესაძლებლობები და პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული.”
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა მაკაროვამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის დეპარტამენტის უფროსმა, აღნიშნა, რომ “პროექტის ეს ფაზა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, რადგან ის პრაქტიკულ მხარეებზე გააკეთებს აქცენტს იმისთვის, რომ მტკვრის აუზზე წყლის გამოყენება გონივრულად მოხდეს.”
პროექტის გამხსნელ ვორქშოფში 35 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პროექტში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით, იქნებიან ჩართულები. მონაწილეები საქართველოდან იყვნენ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოდან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან. აზერბაიჯანის მხრიდან მონაწილეებს შორის იყვნენ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან, გარემოსდაცვითი დეპარტამენტიდან, გეოლოგიური კვლევის სახელმწიფო სამსახურიდან, ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურიდან, გარემოსდაცვითი მონიტორინგის ეროვნული დეპარტამენტიდან, წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო უწყებიდან, აზერბაიჯანის პარლამენტიდან, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტიდან, სააქციო საზოგადეობა “აზერსუდან,” სამელიორაციო კომპანიიდან, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან, არასამთავრობო სექტორიდან და კერძო კომპანიებიდან. წყლის სფეროში დასაქმებულმა ხალხმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ტრანსასაზღვრო მდინარის დაცვისა და წყლის რესურსების გონივრულად გამოყენებისთვის.
მტკვარი II პროექტის გუნდმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც მოიცავს ხუთკომპონენტიან მიზანს, 22 აქტივობას, შესაბამისი ბიუჯეტითა და გეგმებით, რაც მოიცავს ინსტიტუციურ გაძლიერებას, სექტორში წყლის მენეჯერების განათლებას, მდინარის აუზის კრიტიკულ ადგილებში დატვირთვის შემსუბუქებას, ყველა ჩართული მხარის განათლების უზრუნველყოფას, ცნობიერების ამაღლებას, მთავარი მენეჯერების გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების დროს მეცნიერებითა და მონაცემებით ხელმძღვანელობას.
პროექტის საქმიანობები უკვე დაიწყო. პროექტის ჯგუფმა აქტიური თანამშრომლობა დაიწყო გაეროს წყლის ინიციატივის [Water Initiative Plus (EUWI+)] ჯგუფთან, ასევე სხვა პროექტებთან, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანში წყლის სექტორში მუშაობენ.