ონლაინ სასწავლო პლატფორმის პრეზენტაცია

ონლაინ სასწავლო პლატფორმა წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება და იგი სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და აზერბაჯანულად არის ხელმისაწვდომი.
2021 წლის 16 თებერვალს, თბილისში, ვირტუალური შეხვედრის ფარგლებში, ელექტრონული სასწავლო პლატფორმის პრეზენტაცია შედგა. შეხვედრას უძღვებოდა მაკა ჯულაყიძე, მტკვარი II პროექტის ეროვნული კოორდინატორი.
ონლაინ სასწავლო პლატფორმა წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება და იგი სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და აზერბაჯანულად არის ხელმისაწვდომი. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. მისი ელ-მისამართია http://water.envdevelopment.org/ka/home-g
პლატფორმა გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი მტკვარი II-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით შეიქმნა.
შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ გახსნა.
„მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, მაინც შევძელით ამ პროექტის განვითარება, დასრულება და აუდიტორიისთვის წარდგენა,“ - აღნიშნა თხილავამ.
ონლაინ სასწავლო პლატფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნინო კალანდაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში, ნინო ანთაძემ და პროექტ მტკვარი II-ის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა, აჰმედ ელსეუდმა.
„ჩვენ უნდა გავაფართოვოთ და გავაუმჯობესოთ ეს საგანმანათლებლო პროექტი; ის უნდა გავრცელდეს და დაინერგოს მთელი საქართველოსა და აზერბაიჯანის მასშტაბით.“ - აღნიშნა ელსეუდმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარების“ პროგრამების მენეჯერმა, კახა ბახტაძემ, პროექტის მიმდინარეობის მოკლე ისტორია წარმოადგინდა. მისი თქმით, პროექტის არეალი რეგიონებსაც მოიცავდა, განსაკუთრებით კი ფოკუსი ქალაქ გორზე იყო, რომელიც პროექტის საპილოტე ქალაქად აირჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში, სადაც ზაფხულში სულ არის წყლის პრობლემა, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე სასმელი წყლის თვალსაზრისით.
ბახტაძის თქმით, გორში ამ პროექტს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და მასში ბევრი მხარე ჩაერთო: გორის უნივერსიტეტი, გორის სკოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი წყლის გამანაწილებელი კომპანია, მასწავლებლები და მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო ბროშურებიც შეიქმნა, სკოლის მოსწავლეების სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის და გავრცელდა გორის სკოლებში.
შოთა მურცხვალაძემ და ნათია გაბრიჭიძემ, კომპანია Mindworks-ის წარმომადგენლებმა, პროექტის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. ონლაინ პლატფორმა განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისთვის. ეს პლატფორმა სამი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვისაა და მათ დაეხმარება, საფუძვლიანად გაიაზრონ წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები: არსებული პრობლემები და გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები და პროგნოზები, მიმდინარე ინიციატივები და პროექტები.
„განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია თავად ახალგაზრდა ადამიანების ცოდნის და დამოკიდებულებების განვითარება, რომ თავად შეძლონ რეალური ცვლილებების მოხდენა თავის გარშემო. მოსწავლეებს შეუძლიათ თავიდან ბოლომდე გაიარონ კურსი დამოუკიდებლად ან დამხმარესთან ერთად, შეასრულონ დავალებები, შეავსონ ტესტები, ან უყურონ მხოლოდ ანიმაციურ ვიდეოებს და ამით მიიღონ ინფორმაცია,“ - აღნიშნა ნათია გაბრიჭიძემ.
ახალ გარემოსდაცვის ელექტრონულ პლატფორმას შემდეგი შინაარსის მოდულები აქვს: მდინარის აუზები, კლიმატის ცვლილება და წყლის რესურსები, წყლის რაციონალური გამოყენება, სიცოცხლე წყალში, წყლის ეკოლოგია და წყლის ხარისხის დაცვა.
ეკატერინე ბენდელიანმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროექტის მდგრადობის შენარჩუნების საკითხი და ასევე ის, თუ ვინ გადაიბარებს მას.
ცენტრის ვებ-გვერდზე http://www.eiec.gov.ge, რომელსაც ბენდელიანი ხელმძღვანელობს, თავმოყრილია გარემოსდაცვითი მონაცემები, მათ შორის, მარეგულირებელი კანონმდებლობა და კონვენციები, რომელთა ხელმომწერი მხარეც საქართველოა; ცენტრის ვებ-გვერდზე ასევე არის მონაცემები საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე და სხვა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ათწლეულებია, გროვდება.
შეხვედრა საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს წყლის სამმართველოს უფროსმა და მტკვარი II პროექტის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მარიამ მაკაროვამ, დახურა.
„სწავლა ბავშვობიდან იწყება. იმედი მაქვს, ეს პროექტი ჩვენს ვიწრო ჩარჩოებს გასცდება და უფრო ფართო წრეებშიც დამკვიდრდება,“ - აღნიშნა მაკაროვამ.